მხოლოდ ჩემთვის განკუთვნილი, მაგრამ გულში ვერდატეული სიყვარული
წერილები მაკოს
Irina Chankseliani
მაკო მას, როგორ ხართ?მომენატრეთ ძალიან:-მე ისეთი მაგარი ახალი ამბავი მაქვს ,არ შემეძლო, რომ არ მომეწერა თქვენთვის, ვიცი ,გაგიხარდებათ:
შვეიცარიაში მივდივარ, ჟენევის უნივერსიტეტში, სამაგისტრო პროგრამით, ერთი წლით
განათლების სამინისტროს სტიპენდია მოვიპოვე:-) 25 000 ფრანკით დამაფინანსეს გაგიჟებული ვარ სიხარულით
ამ ეტაპზე ეს უფრო მნიშვნელოვანი მგონია, გათხოვება -რომ ჩამოვალ, მერე:-)
ისეთი გახარებული ვარ, აი ,მთელი ცხოვრება მინდოდა ეს:-
თან ისეთი გაკვირვებული ვარ, არაფრით არ ველოდებოდი ,რომ განათლების სამინისტრო მომცემდა თანხას, სულ მეგონა, რომ ეგეთი რაღაცები სხვანაირად ხდება საქართველოში, არადა, მე ,ასეთ "უპატრონოს" ,აი, საერთოდ არავინ რომ არ მყავს, როგორ გამომივიდა ,არ ვიცი.
მაგრამ საერთაშორისო კომერციული და საინვესტიციო არბიტრაჟის პროგრამაა,საქართველოში სულ 5 ადამიანს აქვს დამთავრებული და ,სპეციალისტები არ გვყავს ამ სფეროში, ეტყობა, მაგიტომაც მომანიჭეს უპირატესობა
რომ გამოვედი გასაუბრებიდან ,მერე მეცინებოდა ჩემს თავზე, ისეთი ჩავატარე იქ:-) მაგრამ ,ეტყობა, ძალიან მინდოდა და ბოლომდე ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა, გარინდულები მისმენდნენ, რომ ჩავირთე ,აღარ გამოვრთულვარ:-)
უნდა ვაღიარო!!!!!!!!!
ყველაზე ყველაზე ყველაზე პროფესიონალის და ყველაზე საყვარელი მაკო მასწ-ის მოწაფე ვარ:-)
სხვათა შორის, თუ რამე გამიკეთებია და თუ რამეს წარმოვადგენ, ამაში 95 % თქვენი დამსახურებაა, მართლა ასე ვფიქრობ...
და ვისთვის უნდა მეხარებინა ეს ამბავი, თუ არა თქვენთვის?...............
ძალიან მიყვარხართ
მაკო მას, გუშინ ვსაუბრობდი,
როგორ შემაყვარე ჩოხელი
რამდენი ქართულის მასწავლებელიც უნდა იყოს და ვისზეც უნდა ამბობდნენ, რომ კარგია,საუკეთესო მე მყავდა...
ამას სულ ვამბობ და სულ ვიტყვი
სულ მეოცნებება, შენნაირი მასწავლებელი ვიყო
ინგლისური ენის სპეციალისტი
შობა გათენდა...ქრისტე იშვა...
უნდა მოგილოცოთ, ალილო გიმღეროთო,–დაიჟინეს ჩემმა მოწაფეებმა...სტუმრად ვიქნები–მეთქი–ჩემი ჭკუით, ტაქტიანი უარი ვუთხარი მეალილოე მე–12 კლასს...
ღამით მომადგნენ , მე–12 კლასში კვორუმს დანატრებულმა, ჟურნალი ვინატრე, ასპროცენტიანი დასწრების აღსანიშნავად..გვიყვარხარ და იმიტომ ვართ აქო...მეც მიყვარხართ და იმიტომ დაგხვდით, თორემ სახლში სად ვიყავი , სტუმრად ვარ–მეთქი....
კარგი დღე იყო...
·
მაკო წოწონავას
"ცასწავალა"-ოცზე მეტი წლის წინ ეს პოეტური სახელი დაარქვი შენს პირველ სადამრიგებლო კლასს და ათი წელი, მართლაც, ცამდე წასული, განსაკუთრებული სიყვარულით ქართულ ენასა და ლიტერატურასთან ერთად ცხოვრებასაც ასწავლიდი.ათი წელი ზღაპარში აცხოვრე ეს ბავშვებიც და მათი მშობლებიც.დღეს შენი დაბადების დღეა.სიყვარულითა და უღრმესი პატივისცემით გილოცავ და მადლობას გიხდი იმ გაუხუნარი სიყვარულისთვის,რომელიც დღემდე მოგვყვება!
,,ცასწავალას’’ ჯგუფის მადლიერი მშობლების
სახელით
თიკო ბერულავა
მაკო მას, რომ იცოდეთ, თქვენ რამდენს ნიშნავთ: თქვენი წყალობით ვისწავლე დამოუკიდებლად ფიქრი და განსხვავებულის ძიება,
რაც უნივერსიტეტში გამომადგა და მეტიც შემძინა.
მაკო მას, ვიცი, როგორ გაგიხარდება.მაგისტრატურა წარმატებით დავასრულე ,წითელ დიპლომზე. სამაგისტრო ნაშრომი სალმან რუშდის ,, შუაღამის შვილები '' და ამ წიგნის თარგმანის ანალიზი იყო. ყველაზე დიდი ოცნება ამისრულდა:)) და სამომავლოდ უნივერსიტეტში კათედრაზე დარჩენა შემომთავაზეს და ასევე სამსახური , ბაირონის სკოლაში , რომლის დირექტორიც, ჩემი ლექტორი , მთარგმნელი - ინესა მერაბიშვილია :))) ერთი წლის შემდეგ ვაგრძელებ დოქტორანტურას , ისევ დედაუნივერსიტეტში და, შესაბამისად, სამსახურსაც დავიწყებ, როგორც მითხრეს :)) ნაშრომის დაცვის დღეს ისეთი შეფასებები მივიღე , არ მეგონა ჩემს თავს თუ ხდებოდა ეს ყველაფერი
ჩემო ძვირფასო მაკო,სულის მასწავლებელო, სულ ვამბობდი , ვამბობ და კიდევ ბევრჯერ ვიტყვი , რომ სამყარო სხვა ობიექტივით თქვენ დამანახვეთ
მართლა ასეა!
ჯადოქარი ხართ !
მაკო მას!
გუშინ ერთ შინაურ სუფრასთან ასე მოვიწონე თქვენით
თავი, სადღეგრძელოდ ვთქვი:
ჩემმა Makoმ მითხრა მრავალი წლის წინ, ბოროტება რკინის ჩექმებით დაბრახუნებს, სიკეთეს კი ბამბის ფაჩუჩები აცვიაო. არსებობს ასე თავისთვის, ჩუმად, მაგრამ ზოგჯერ, და ჩვენში, არც თუ იშვიათად, დგება მომენტი, როცა მთელი ძალით გამოანათებს და სხვას ვეღარაფერს ხედავ. ალბათ, ასე ვხდებოდით და ვხდებით უკეთესები. ამ ბრახაბრუხმა არ გაფიქრებინოთ, ჩვენში ღვარძლი და ბოროტება მეტი იყოსო.
სიკეთის შემოქმედო მაკო, ჩემო მონატრებულო მაკო , გილოცავ დაბადების დღეს
როგორც მოსწავლეს ხომ მილიონი რამ მასწავლე და ისე აგრძელებ სწავლებას, რომ არც იცი ამის შესახებ. არ იცი, რა ხშირად ვიხსენებ ყველაფერს, ამჯერად როგორც მასწავლებელი, რომ ვისწავლო, როგორ ვასწავლო შენსავით.
თუ ვინმეს ისე ვეყვარები, როგორც მე მიყვარხარ, ბედნიერი ვიქნები. სულ თითზე დასათვლელია ის ადგილები, რომლებიც მიყვარს. უსაშველოდ მენატრება ჩვენი პატარა ოთახი, მთლიანად რომ ვავსებდით მაგიდიანად.
ჩვენ შენთან სულს ვიმდიდრებდით.
მიყვარხარ უზომოდ და უსასრულოდ მინდა ბედნიერი იყო შენს საყვარელ ადამიანებთან ერთად და კიდევ ბევრ პატარა ადამიანს დაეხმარო, დიდი, კარგი ადამიანი დადგეს
ქეთი ბახტაძე
ქართულიენისა და ლიტერატურის სპეციალისტი
თიკო ბერულავა - Mako
Tsotsonava.
ამას მარტო ვერ მოვერევი...
ჩემი დღევანდელი ემოცია უნდა მოგწერო, ჩემო მაკო მასწავლებელო...
არსებობენ ადამიანები, რომ ჩაეხუტები და გრძნობ, სახლში ხარ...
დღეს ჯერ ჩემმა ბავშვობამ ( თანაკლასელებმა) გამათბო და ამავსო სიყვარულით,მერე ამ სიყვარულით მთვრალს უცნაური განცდა ამეკვიატა, ვგრძნობდი,უფრო აღმატებული რამეც უნდა მომხდარიყო: შევხვდებოდი ადამიანს, რომელიც , შეიძლება, მარადიულად გენატრებოდეს, გაკლდეს, როგორც თავად ამბობთ მონატრებაზე, და ამავე დროს მუდმივად გრძნობდე მასთან სულიერ კავშირს: თქვენ შემომეყარეთ...
თქვენი სახით სამყარომ ცასწავალების აღმზრდელი დაიბედა...
მაკო მას, რა ბედნიერებაა, რომ გაჩნდით! მადლობა შემოქმედს!
ჩვენ არ გვქონდა ევროპული სკოლა...არც ფერადი კედლები , არც ფორმები სკოლის ემბლემით ...არც ცენტრალური გათბობა ყოველ სართულზე და არც ქათქათა ოთახები , ჩვენ არ გვყავდა პროფესორი დამბლდორი ... თუმცა გვყავდით თქვენ, მაკო წოწონავა, სასწაული, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა; რომელიც მხოლოდ ლიტერატურას არ გვასწავლიდა... მრუმე დღეებს გვიფერადებდა, სხვადასხვა სამყაროში გვამოგზაურებდა და გვაჩვევდა საკუთარ თავში სიკეთის, სიყვარულისა და ტალანტის პოვნას.რაც მთავარია, იმასაც, რომ ტალანტი უნდა გაამრავლო ...
ჩვენთვის გამეტებული სასწაული, შეიძლება ითქვას, ცხოვრებისთვის გვამზადებდა...
ერთ-ერთი ჯადოსნური დღე კი, რამდენი ასეთი ჯადოსნური დღე იყო თქვენთან ერთად, ერთ უშიშარ ბიჭზე თხრობით დაიწყო... დაიწყო და დაიწყო!!!
ასე აჩუქეთ ჩემს ყრმობას ინანიშვილი, მერე ჩოხელი, გალაკტიონი...
ჰემინგუეის წერილი წაგვიკითხეთ ერთხელ. მწერალი, რომელსაც ომის მერე სიბნელის შიში დასჩემდა, პატარა და კი ღამით განათებულ ოთახში სდარაჯობდა მის ძილს, დის შესახებ სწერდა სკოლის დირექტორს:,, იცოდით, თქვენს სკოლაში ასეთი სასწაული გოგონა რომ სწავლობსო’’...
ყველას მინდა ვკითხო, იცით, ქალაქის ერთ სკოლაში ასეთი სასწაული მაკო რომ ანათებს?
მაკო მას, თქვენით დედამიწას სიყვარული ატრიალებს...
თიკო ბერულავა
ინგლისური
ფილოლოგიის ბაკალავრი
თარგმანი
და კულტურათაშორისი ურთიერთობების
მაგისტრი
ჩემო მაკო!
ფილმს რომ ვიღებდე, ასეთი კადრით დაიწყებოდა: 2000-იანი წლების დასაწყისია, გოგონა მაღაზიაში გაფართოებული თვალებით უყურებს მისთვის უჩვეულოდ მომხიბვლელ მოსაცმელს. იქვე მასწავლებელია, რომელსაც არც ეს მზერა გამოეპარება და არც ამ თვალებში გამკრთალი სევდა, დედის ჩუმად და უხერხულად ნათქვამ უარს რომ მოჰყვება პასუხად. და შემდეგ მასწავლებლის უყოყმანო და მტკიცე ხმა: „აბა, ეგ მოსაცმელი ჩემს გოგოს მოაზომეთ, მინდა ვნახო, როგორ აქვს!“...
მადლობა! მოსაცმელს დღემდე ვინახავ, სულ რომ შემახსენოს ადამიანური სიკეთით გამოწვეული ემოციების სიტკბო და ადამიანად ყოფნის მიზეზი.
ლიტერატურის სიყვარულიც შენგან დაიწყო, მწერლების და შინაარსების შენეული სიყვარულით მომწამლე. შოთას, ვაჟას, ილიას, გალაკტიონის და სხვათა ბუმბერაზობა შენით დავინახე...შენით მოვიდა დოჩანაშვილი, ქარჩხაძე, ოთარ ჭილაძე...
შენ ხარ გზა სულისკენ...
მას შემდეგ შემოქმედებითი ძიების სურვილი პირად ტრადიციად მექცა, მათი ამოცნობისას შენს მოსაზრებებზე ფიქრი კი - ჩვევად - ,,ამაზე მაკო რას იტყოდა’’... ,,ამის განხილვა მაკოსთან რა საინტერესო იქნებოდა’’...
გიყურებდი და მასწავლებლობაც მინდოდა. პროფესია სხვა ავირჩიე, თუმცა სწავლებაში ჩართვის შემდეგ უკეთ გავაცნობიერე, რომ პროფესიონალიზმის, თხრობის კულტურის, გულწრფელობისა და, რაც მთავარია, ადამიანების სიყვარულის მაგალითად შენ მყავხარ.
ნაწარმოებებში ყველაფრის წაკითხვა შეიძლება: როგორ იბრძვიან, როგორ ერთგულებენ, როგორ ასევდიანებთ და უყვართ, თუმცა დასწავლა- გააზრებითვის ცოცხალი მაგალითები გვჭირდება. ეგ ხარ შენ: ჩემი ყველაზე ადამიანური გმირი.
ვიცი, ყველა შენს მოსწავლეს თავისი განუმეორებელი მაკო ჰყავს...
ჩემი მაკო ასეთია. მხოლოდ იმის თქმა მინდოდა,როგორ იქეცი ჩემად.
ხატია მუკბანიანი
ფსიქოლოგიის მაგისტრი
შსს აკადემიის ფსიქოლგი.
რობაქიძის სახელობის მოწვეული ლექტორი
ჩემო მწვანეთვალება მაკო მასწ!
არაფერს
არ ნიშნავს, რომ კარგა დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს ვნახეთ ერთმანეთი.
გულსაც ვერ ვხედავთ, მაგრამ ხომ სულ თანა
გვყავს...
თქვენთან გატარებულმა ,,დღესასწაულმა დღეებმა’’ უდიდესი გავლენა იქონიეს ჩემს გაადამიანებაზე. როგორ მომინდა ახლა თქვენთან ძველებურად, მეგობრულად საუბარი; მომინდა მომეყოლა, თუ ვინ გავხდი და რამხელა წვლილი მიგიძღვით ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
თქვენობით საუბარი მიჭირს კიდეც თქვენთან, თქვენ ხომ ასაკით საკმაოდ პატარა იყავით მაშინ იმისთვის, რომ ბუმბერაზი მასწავლებლის სტატუსი მოგერგოთ, არადა ათასი წვრილმანი, როგორც თავად უწოდებით საკუთარ თავს, იყავით თითოეული მოსწავლისთვის. თქვენი უკეთილშობილესი ბუნების წყალობით, ალბათ, თქვენს ყველა მოსწავლეს გვეგონა, რომ თითოეული ჩვენგანი ერთადერთი და გამორჩეული იყო თქვენთვის. მეც ასე ვფიქრობდი, მეგონა მე ყველაზე მეტად გიყვარდით და ეს გამორჩეულობის შეგრძნება თვითრწმენასა და თვითშეფასებას მმატებდა...ამასაც მოგვიანებით მივხვდი.
ხშირად ვიხსენებ იმ გაკვეთილს, თვალანთებული რომ გვესაუბრებოდი ქართული ენის გამომსახველობით უნარზე,მის სიძლიერესა და უნიკალურობაზე: „აბა დააკვირდით ,,ზარ-ბა-ზა-ნი... თქვი სიტყვა და დაინგრა დედამიწა...სხვა ვერც ერთ ენაში იპოვითო ამ სიტყვის ისეთ ანალოგს, რომლიც ასე ძლიერად და ზუსტად გამოხატავს სიტყვის მნიშვნელობასო! ახლა მე ვუმეორებ ჩემს შვილებს და ვუმარცვლავ ამ ზანზარა სიტყვას, მერე სხვადასხვა ენაზე ვუთარგმნი და მათთან ერთად მეც ისევ და ისევ ვრწმუნდები ჩვენი ენის ღვთაებრიობაში.
შვილები ვახსენე და მომაგონდა, როგორ გიზიარებდი ჩემს გეგმებს, როგორ მინდოდა ყველაფერი მესწავლა და ძალიან წარმატებული ქალი ვყოფილიყავი! თქვენი კი არა მარტო ქართული ენის, არამედ, ზოგადად, ქვეყნის გულანთებული ქომაგი, სულ იმას ჩამჩიჩინებდით, ჯერ შვილები გააჩინე და ერი გაამრავლე და მერე, თუ გინდა, მარსზეც გაფრინდიო. ალბათ, სწორ შეგონებებს ლოცვის ეფექტი მიეცა და ეს სწავლებაც პირნათლად შეგისრულეთ. მართალია, მარსზე გასაფრენი დრო აღარ დამრჩა, მაგრამ ოთხ შვილთან ერთად პიროვნულ და პროფესიულ წინსვლაზეც არ ვამბობ უარს.
გემადლიერებით ყველა იმ გაკვეთილისთვის, რომლებიც არა მარტო აკადემიურ, არამედ ცხოვრებისეულ გამოცდილებას გვძენდა მე და ჩემს მეგობრებს.
გმადლობთ, რომ ხართ ასეთი შთამაგონებელი მენტორი.
ერთი სანუკვარი ოცნება მაქვს: ძალიან მინდა თქვენი თვალით დანახული ილია, გალაკტიონი და ბარათაშვილი გაიცნონ ჩემმა შვილებმა; ,,ვეფხისტყაოსნის’’ სტრიქონებში თქვენთან ერთად იშრიალონ.
ვიმედოვნებ, რომ ჩვენი გზები მალე კვლავ გადაიკვეთება.
სიყვარულით,
მაკა (ბათქუნა) ჭუბაბრია
WWCT - კლინიკური კვლევების ორგანიზაცია. პროექტების მენეჯერი.
Комментарии
Отправить комментарий